სავაჭრო და საფირმო ნიშნების დებულება Tor-პროექტისთვის („Tor“)

ბოლო განახლება: 12 ოქტომბერი, 2024

დებულება განმარტავს, როდის და როგორ უნდა გამოიყენოთ ჩვენი სავაჭრო და საფირმო ნიშნები (საერთო სახელწოდებით „Tor-ნიშნები“). ეს დებულება ეხება გამოყენების ყველა ნებადართულ შემთხვევას და დამატებით განსაზღვრავს, კიდევ რისი უფლება შეიძლება გეძლეოდეთ, გარდა სავაჭრო ნიშნებთან დაკავშირებული საკითხებისა.

თუ აპირებთ Tor-ნიშნების იმ სახით გამოყენებას, რომელიც არაა ნებადართული ამ დებულებით ან სავაჭრო ნიშნების დაცვის საერთო კანონით, გარდა მართლზომიერი გამოყენებისა, გთხოვთ გვაცნობოთ და ყოველმხრივ ვეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი მოთხოვნა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ იქნება ნებართვა მოპოვებული, ნებისმიერი სახის ღირებულება, რომელიც გამომუშავებულია Tor-ნიშნების გამოყენებით, უნდა მიიჩნეოდეს Tor-ის მიერ შექმნილ სარგებლად.

ესე იგი, აპირებთ სადამსჯელო ზომების მიღებას!?

Tor-პროექტი არამომგებიანი დაწესებულებაა, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს ხალხის ერთობასთან ერთად კვლევებისა და შემუშავებისთვის Tor-ის ვინაობის გაუმხელი პროგრამისა და ქსელის დასახვეწად, რაც ადამიანის უფლებების დაცვის წინაპირობაა და უზრუნველყოფს უსაფრთხო კავშირის შესაძლებლობას მსოფლიოს ნებისმიერ მხარეში. Tor ფართოდ გახდა ცნობილი თავისი პროგრამული კრებულითა და მასთან არსებული ანონიმური გადამცემებისგან შემდგარი onion-დამისამართების ქსელით, აგრეთვე, მასალებითა თუ ინტერნეტ-სახელმძღვანელობით ვინაობის გამჟღავნებისგან დაცვის გაძლიერების შესახებ და გაფრთხილებებით, რომ პროგრამა ჯერ კიდევ საცდელია. ვთანამშრომლობთ შემმუშავებლებთან, რომ დავხვეწოთ პროგრამა და ქსელი, ამასთანავე, ვზრუნავთ, მუდმივად წავახალისოთ ხოლმე მკვლევრები, რათა აღრიცხონ შეტევის მცდელობები ვინაობის გამჟღავნებისგან დაცვის სამომავლო განმტკიცებისთვის. პროგრამას ვავრცელებთ ღიად და უფასოდ, მაგრამ ვითხოვთ მესაკუთრეობის სანათადოდ მითითებას.

არ გვსურს ვიქცეთ სავაჭრო ნიშნების აკრძალვების ძალისმიერ გამტარებლებად, მაგრამ გვსურს გამოვიყენოთ მონიჭებული უფლებები, რომ მივცეთ ხალხს საშუალება, ადვილად ამოიცნონ Tor-პროგრამა და მისი მომსახურებები აუცილებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. სავაჭრო ნიშნების კანონი გვეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ სახელი Tor დაკავშირებული იყოს მხოლოდ Tor-ის ნამდვილ პროგრამასთან და მომსახურებებთან ვინაობის გამჟღავნებისგან დასაცავად, ამასთანავე გამოიყენებოდეს მხოლოდ ნებადართული და სათანადო საჭიროებებისთვის. შედეგად, ვინაობის გამხელის არიდებისთვის ხალხს შეეძლებათ ადვილად ამოიცნონ სასურველი პროგრამის წყარო და სათანადოდ შეაფასონ მისი უპირატესობები თუ ნაკლოვანებები. ჩვენთვის მეტად ღირებულია ნდობა, რომელიც მომხმარებლებს აქვთ Tor-პროგრამისა და მომსახურებების მიმართ, ამიტომაც ვიცავთ სავაჭრო ნიშნებს, რომ შევძლოთ არსებული მოლოდინების სრულად გამართლება, ახლაც და მომავალშიც.

ჩვენი ძირითადი მიდგომა სავაჭრო ნიშნების გათვალისწინებისას არის ის, რომ Tor-ნიშნების გამოყენებისას არ უნდა დააბნიოთ მომხმარებლები და არ უნდა გამოიყენოთ ეს ნიშნები იმგვარად, რომ ვინმეს შემთხვევით ან განგებ მიანიშნოს ან დააჯეროს ჩვენსა და სხვა პროექტს შორის რამე კავშირის არსებობა, მაშინ როცა არანაირი ურთიერთკავშირი არ არსებობს. თუ სხვაგვარად არაა ნებადართული, არ უნდა გამოიყენოთ Tor-ნიშნები იმ გზით, რომ ღირსება შეელახოს ან რამე სხვა სახით შეებღალოს სახელი Tor-ს, ანდაც იმ სარგებელს, რომელიც Tor-ნიშნებთანაა გაიგივებული.

ეს დიდ ცვლილებებს გულისხმობს?!

არა. ეს ახალი დებულება ნათელს ჰფენს ჩვენს ადრინდელ განაცხადს და უკეთ სცემს პასუხს კითხვებს, რომელთაც ხშირად ვიღებდით, მაგრამ არაა განკუთვნილი რამე სახის გამოყენების დამატებით ასაკრძალად, რაც წინა დებულებაში არ იყო განსაზღვრული. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი ადრინდელი უფლებები ახლა იზღუდება, გვაცნობეთ!

რას წარმოადგენს Tor-ის სავაჭრო ნიშნები?

ტერმინი „სავაჭრო ნიშანი“ მოიცავს ნებისმიერ სიტყვას, სახელს, ნიშანს ან მოწყობილობას, ანდაც ამ ყველაფრის ერთობლიობას, რომელიც გამოიყენება პირის ან დაწესებულების მიერ მათი საქონლისა თუ მომსახურების გამოსარჩევად სხვების მიერ შემოთავაზებულისგან, ამასთანავე, მიუთითებს ამ საქონლისა თუ მომსახურების წყაროს. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გაარკვიოთ თქვენი კომპიუტერის საოპერაციო სისტემა რედმონდიდანაა, თუ კუპერტინოდან, სწორედ სავაჭრო ნიშნების მოხმობით; ამასთანავე, ვერც Microsoft და ვერც Apple ვერ მიითვისებს სხვის ნიშნებს, ვინაიდან ეს ყველაფერი დამაბნეველი იქნება მომხმარებლებისთვის. შეერთებული შტატებისა და ბევრი სხვა ქვეყნის სამართლის მიხედვითაც, აუცილებელი არაა მთავრობის მიერ სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია უფლებების წარმოსაშობად.

Tor-ნიშნები და ყველა სხვა სავაჭრო ნიშანი, რომლის მესაკუთრეცაა Tor, მათ შორის და არამხოლოდ:

    • ჩვენი „Tor“ და „Tor-პროექტი (The Tor Project)“ სიტყვიერად; აგრეთვე
    • ჩვენი „Tor“ და „Tor Onion“ ლოგოს ნიშნები.

ეს ჩამონათვალი შეიძლება განახლდეს სხვა სავაჭრო ნიშნების შექმნისას ან რეგისტრაციისას.

Tor-ნიშნების გამოყენება

თუ მოპოვებული გაქვთ Tor-ნიშნების გამოყენების ნებართვა, უნდა დაკმაყოფილდეს მოცემული ზოგადი მოთხოვნები:

შეუცვლელად გამოიყენეთ ნიშნები. Tor-ის სავაჭრო ნიშნები უნდა გადმოიცემოდეს ზუსტად და ბოლოდროინდელი სახით. არ შეიძლება მათი შემოკლება ან სხვა სიტყვებთან გაერთიანება.

გამოიყენეთ ნიშნის შესაფერისად. სავაჭრო ნიშნები, მათ შორის Tor-ნიშნები, წარმოადგენს ზედსართავ სახელებს და გამოყენებისას უნდა ახლდეს სიტყვა, რომელსაც განსაზღვრავს, მაგალითად, „პროგრამა“, „სერტიფიკატი“ ან „პროდუქტი“. არასდროს გამოიყენოთ სავაჭრო ნიშნები არსებით სახელად, ზმნად ან მეტყველების სხვა ნაწილად.

მონიშნეთ ნიშანი. ამის უპირველესი და ყველაზე მეტად გავრცელებული გზაა, რომ Tor-ნიშნებს ახლდეს „tm“ სიმბოლო („™“), სადაც კი მოხერხდება აღნიშვნა, რომ სავაჭრო ნიშანს წარმოადგენს; აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ „წრეში ჩასმული R“ („®“), თუ განხილული სავაჭრო ნიშანი რეგისტრირებულია. როცა ზუსტად არ იცით, „tm“ სიმბოლო („™“) საკმარისი იქნება.

სათანდოდ მოიხსენიეთ ნიშნები. ქვემოთ მოცემული ჩანაწერი უნდა ახლდეს პირველად ნახსენებ ან მნიშვნელოვან ადგილას გამოყენებულ Tor-ნიშანს. თუ მოუხერხებელია, შეგიძლია გაიტანოთ ცალკე მოსახსენიებელ გვერდზე:

    [ნახსენები Tor-ნიშანი] Tor-პროექტის სავაჭრო ნიშანია (The Tor Project); ყველა უფლება დაცულია.

აგრეთვე უნდა დაურთოთ ოფიციალური Tor-ვებსაიტი https://torproject.org, რომ მომხმარებლებმა თავადვე გადაამოწმონ Tor-ის თავდაპირველი წყარო და სხვაგვარი შეთანხმების არქონისას იქვე საჭიროა შენიშვნაც, რომ დამფინანსებელი ან დამკვეთი არაა Tor-პროექტი. მაგალითად: „ეს პროდუქტი არაა დამოწმებული ან დაფინანსებული, ანდაც არ შეიძლება მივაკუთვნოთ Tor-პროექტს“.

ცალკეული გამოყენების მოთხოვნები

გარდა ამისა, დამატებითი მოთხოვნებიცაა, რომლებიც განეკუთვნება ცალკეული გამოყენების შემთხვევებს, ქვემოთ კი მოცემულია ის ხშირი გარემოებები, რომლებშიც შეიძლება დაგჭირდეთ Tor-ნიშნების გამოყენება.

გარკვეული სახის პირადი, არამომგებიანი გამოყენება

შეიძლება Tor-ნიშნების გამოყენება გესაჭიროებოდეთ თქვენი კეთილგანწყობის გამოსახატავად ჩვენი პროექტისა და სანდოობის მიმართ, პირადი, არამომგებიანი სახით, ნამდვილ საგნებზე – მაგალითად, მაისურებზე, მისაკრობებზე, ჭიქებზე ან სხვა ნივთებზე, რომლებიც მეგობრებს შეიძლება აჩუქოთ. თუ სურვილი გაქვთ, მოგება მიიღოთ ამ საქმიანობით ან ვებსივრცეში გამოიყენოთ Tor-ნიშნები ამგვარი დანიშნულებით (მათ შორის მაისურების გაყიდვით შეხვედრებზე სატარებლად ან დასარიგებლად, ანდაც Tor-ნიშნებიანი მაისურების ინტერნეტმაღაზიებში განსათავსებლად), დაგჭირდებათ ჩვენგან წერილობითი თანხმობა წინასწარ. რა შემთხვევისთვისაც არ უნდა გსურდეთ გამოიყენოთ Tor-ნიშანი, ნუ მოგერიდებათ ნიმუშის გამოგზავნა – სიამოვნებით გავეცნობით თქვენს საქმიანობას!

კვლევითი ნაშრომების დასახელებებში გამოყენება

ჩვენ მეტად მოხარულნი ვართ მკვლევართა მხურვალე ერთობით, რომელიც იკვლევს ვინაობის გაუმხელობის მიმართ შეტევებსა და დაცვის საშუალებებს, აგებულების გაუმჯობესების გზებს, საზოგადოებაზე გავლენას და უამრავ სხვა საკითხს. ჩვენთვის მეტად აღმაფრთოვანებელია, რომ პროფესორები და სხვა მკვლევრები მუდმივად განაგრძობენ ჩვენი ერთობისთვის წვლილის შეტანას და ვცდილობთ კიდეც, რომ მოვიძიოთ მათთვის სახსრები ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან, რათა Tor-ის აგებულება და კოდი დარჩეს კვლევებისადმი ღია. ვინაობის გაუმხელობის შესახებ საძიებელში მისამართზე freehaven.net/anonbib აღნუსხულია არაერთი კვლევითი ნაშრომი, რომელთა სათაურშიცაა Tor-ით ნაწარმოები სახელები: Torsk, DefenestraTor, Tortoise, LASTor, Torchestra, StegoTorus და სხვა.

ვინაიდან ამ კვლევითი მასალების ავტორები არ ცდილობენ მოგების მიღებას და (ვინაიდან მხოლოდ ქაღალდებია და არა რამე სახის ნაწარმი) ამგვარი მასალები ვერ დააბნევს Tor-მომხმარებლებს, რომ მოტყუებით გადმოიწერონ შესაძლო საფრთხის შემცველი პროგრამა ან შეიძინონ მომსახურებები, რომლებიც თავს Tor-ისგან მომდინარედ ასაღებს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ Tor-ნიშნების დართვა მსგავსი კვლევითი ნაშრომების დასახელებებში მისაღებია და არ არღვევს სავაჭრო ნიშნების მართლზომიერი გამოყენების პირობებს.

როგორც აღინიშნა, თუ კვლევითი მასალები ახლავს პროგრამას, რომელმაც შეიძლება შეაცდინოს ვინმე (მომხმარებელი ან სხვა მკვლევარი), რომ მომდინარეობს ან დაწერილია Tor-პროექტის მიერ, ანდაც სხვა გზით აღმოჩნდეს დამაბნეველი, საჭირო იქნება ჩვენგან აშკარა ნებართვა.

პროექტისა თუ პროდუქტის დასახელებები, სავაჭრო ნიშნები, საიტის მისამართები, ბლოკჩეინი ან სხვა წარმოსახვითი მოწმობები და ინტერნეტანგარიშების სახელები

ჩვენი საქმიანობის თავისებურებებიდან გამომდინარე გადამწყვეტია, რომ მომხმარებლებმა შეძლონ განასხვავონ ჩვენი ოფიციალური პროგრამა და მომსახურებები გარეშე მხარეების ნამუშევრებისგან, რაოდენ მაღალი ხარისხითაც არ უნდა გამოირჩეოდეს ამ გარეშე მხარეთა მომსახურებები, ასე რომ არ უნდა გამოიყენოთ Tor-ნიშნები ან მათი ნაწილები რამე პროექტის ან პროდუქტის სახელში, პროგრამის სათაურში, სავაჭრო დასახელებაში, სავაჭრო ნიშნებში, საიტის მისამართში, წარმოსახვით ან ვალუტის მოწმობაში, წინასწარი პროექტის ლოგოში ან ემბლემაში, ანდაც ინტერნეტანგარიშის სახელში, წერილობითი ნებართვა თუ არ გექნებათ. მაგალითად, პროგრამას რომ ერქვას „BROWSER X – დაუკავშირდით Tor-ქსელს!“ ან შემოკლებით „@BrowserX-Tor“, არაა ნებადართული, ვინაიდან მომხმარებელი როცა იხილავს, ივარაუდებს, რომ ოფიციალურ Tor-მომსახურებებს ან ანგარიშებს ეხება. საიტის მისამართი „TorHelpDesk.com“ ან სოცქსელის ჯგუფი „Tor-ის შესახებ მხარდაჭერა“ აგრეთვე გამოიწვევს დაბნეულობას. თუ გსურთ გამოიყენოთ Tor-ნიშნები სხვა პროექტის ან პროდუქტის დასახელების ან პროგრამის სათაურის ნაწილად, ანდაც სხვა მსგავსი შემთხვევისთვის, გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი გეგმების შესახებ წინასწარ, სანამ რამეს წამოიწყებდეთ და განვიხილავთ, რა შეიძლება მოხერხდეს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ასეთ შემთხვევებში მეტად დაუცველი ვრჩებით და ამგვარი სახით გამოყენება იშვიათად შეიძლება იყოს ნებადართული.

გადამუშავებული პროგრამა

Tor-პროგრამების უმეტესობა შემოთავაზებულია ხოლმე ღია წყაროს სახით, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია პირველწყარო კოდის გადაკეთება ან ჩასწორება საჭიროებისამებრ მოსარგებად. მიუხედავად ამისა, პროგრამა, რომელიც ჩასწორებულია, განსხვავდება იმ პროგრამისგან, რომელსაც გთავაზობთ Tor და შესაბამისად, არ უნდა გამოიყენებოდეს Tor-ნიშნები მის ან პროგრამის პროექტისა თუ პროდუქტის სახელის ნაწილად, აგრეთვე მიუღებელია ისეთი დასახელების გამოყენება, რომელიც დამაბნეველი იქნება წარმომავლობისა თუ წყაროს დადგენისას. თუ გადააკეთებთ Tor-პროგრამას, არ შეგეძლებათ ამ გადაკეთებული პროგრამის გავრცელება Tor-ის სახელით ან სხვა Tor-ნიშნის გამოყენებით.

მომსახურებები, რომლებიც უკავშირდება Tor-პროგრამებსა და მომსახურებებს

თუ სთავაზობთ ხალხს ისეთ პროდუქტსა და მომსახურებას, რომელიც დაკავშირებულია Tor-ის შემოთავაზებულ პროდუქტებთან და მომსახურებებთან (მაგ. თქვენი პროგრამა ურთიერთმოქმედებს Tor-ქსელთან), შეგიძლიათ გამოიყენოთ Tor-ნიშნები სიტყვიერად (მაგრამ არა ლოგოს ან იერსახის მეშვეობით წერილობითი ნებართვის არქონისას) თქვენი შეთავაზების სათანადოდ აღწერისთვის, თუ არ დაარღვევთ Tor-ნიშნებით სარგებლობის პირობებს ან ისე არ იმოქმედებთ, რომ შეცდეს მომხმარებელი და იფიქროს, თითქოს, თქვენი შეთავაზების წყაროა Tor ან თქვენს დაწესებულებასთან რამე საერთო აქვს Tor-ს. მაგალითად, თქვენი მომსახურებების სათანადო აღწერა იქნება „გთავაზობთ გარეშე კავშირს Tor-ქსელთან“ ან „არაოფიციალურ მხარდამჭერ მომსახურებებს Tor-მომხმარებლებისთვის“. იგივე შემოთავაზებები ვერ იქნება ნებადართული, თუ მოწოდებულია, როგორც „Tor-თან წვდომის მომსახურებები“ ან „Tor-ის თაობაზე მხარდაჭერის მომსახურებები“, ვინაიდან ამ სახით გადმოცემისას შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდეს, ვისგან მომდინარეობს ეს მომსახურებები. საზოგადოდ, ტერმინი „არაოფიციალური“ საუკეთესო გზაა მომხმარებლებს მიანიშნოთ, რომ თქვენი პროექტი განსხვადება ჩვენი კუთვნილისგან. თუ რამე გეეჭვებათ, უმჯობესია მეტი განმარტება და ინფორმაცია დაურთოთ, ვიდრე ნაკლები, ვინაიდან Tor-მომხმარებლებს ყოველთვის ურჩევნიათ, მეტად დაწვრილებით გაეცნონ საკითხს, რომ გაარკვიონ, შემოთავაზება გაუგებრობას ხომ არ იწვევს.

ლოგოს გამოყენება

თუ გაქვთ წერილობითი ნებართვა ლოგოს / გრაფიკული Tor-ნიშნის გამოსაყენებლად, როგორიცაა თუნდაც „Tor Onion“, უნდა გამოიყენოთ იმ სახით, როგორითაც ხელმისაწვდომია მისამართზე https://styleguide.torproject.org/brand-assets. უნდა ეცადოთ, არ შეუცვალოთ ფერი, შრიფტი, ზომების ფარდობა ან სხვა მახასიათებელი ჩვენს ლოგოს. აგრეთვე უნდა განაცალკევოთ ჩვენი ლოგო სხვა გამოყენებული მასალებისგან და არ უნდა იყოს ყველაზე გამოსაჩენ ადგილას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პირადი, არამომგებიანი დანიშნულებითაა ნებადართული ზემოაღნიშნულ შემთხვევებში.

სავაჭრო ნიშნების შესახებ დარღვევის მოხსენება

გთხოვთ გვაცნობოთ Tor-ნიშნების არასათანადო გამოყენების შესახებ მისამართზე tor-brand@rt.torproject.org, ამასთან ერთად აღგვიწეროთ, რაც შეიძლება დაწვრილებით, თუ რა მიგაჩნიათ დარღვევად. კარგად გამოვიძიებთ და საფუძვლიანი თუ აღმოჩნდება, სათანადოდაც ვიმოქმედებთ.

კითხვები

თუ გსურთ გამოიყენოთ Tor-ნიშნები იმ სახით, როგორითაც არაა აღწერილი ჩვენს დებულებაში ან რამე კითხვა გაქვთ დებულებასთან დაკავშირებით, გთხოვთ შეგვეხმიანოთ